Accessibility links

site logo site logo

სულხან სალაძე: ამ წუთში შესაძლოა ხელისუფლება გამარჯვებულია, მაგრამ დიდ სურათში ბრძოლა წაგებული აქვს


სულხან სალაძე

იურისტ სულხან სალაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა და, სავარაუდოდ, ის სიტუაციის განმუხტვას შეეცდება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სულხან სალაძემ განაცხადა, რომ ლოგიკა ამას ამბობს, თუმცა საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების რიგს, სადაც ლოგიკა მუშაობს.

„ლოგიკა რომ არ მუშაობს, ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც დაიწყო ამ რამდენიმე დღის წინ გამოძიებამ და ხელისუფლებამ. ანუ პოლიტიკური პრაგმატულობისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით შეიძლებოდა რაღაც სხვა ფორმებზე ეფიქრა ხელისუფლებას. უმჯობესი იყო, საზოგადოებას, წმინდა პოლიტიკური კუთხით ვლაპარაკობ და არა სამართლებრივად, ეკრიტიკებინა ხელისუფლება იმისთვის, რომ ნიკა მელია რომ არ იხდის გირაოს, რატომ არაფერს არ აკეთებ, ვიდრე ის ნიაღვარი, რასაც ის ისმენს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ეგრეთ წოდებული კანონის აღსრულებისათვის, კანონის აღსრულების სახელით რა შედეგიც მიიღო ქვეყანამ“, - აღნიშნა სულხან სალაძემ. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე შესაძლოა ხელისუფლება გამარჯვებულად გამოიყურებოდეს, მაგრამ დიდ სურათში ბრძოლა წაგებული აქვს, რადგან არავის, ვინც კრიტიკული თვალით უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არ სჯერა პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა:

„მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. ეს მაინცდამაინც ცალკე აღებულ ნიკა მელიას საქმეს არ უკავშირდება, უამრავი სხვა საქმე არსებობს, სადაც ეს კითხვა ღიად დასმულა და პასუხი ჩვენ არ მიგვიღია. ობიექტური, დასაბუთებული. ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ ადგილას მზად ვარ ამ თემებზე, მათ შორის, ხელისუფლებასთან თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ვისაუბრო. კონკრეტული მაგალითებით, სასამართლო საქმეებით, რომელიც ყოველთვის აძლიერებს ამ ეჭვს და აქედანვე შემიძლია ერთი თემა დავუტოვო, 20 ივნისის საქმე. სად არის ის ხალხი, ვისაც უნდა ეგო პასუხი სამართალდამცავთა მხრიდან და დღემდე არ უგიათ პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შემოდებული საქმე თაროზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ნაწილში“, - განაცხადა სულხან სალაძემ რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“.

17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა. მელიამ პირველ ჯერზე გადაიხადა 30 000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა. რასაც მოჰყვა პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების დამძიმების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა.

18 თებერვალს თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება. ნიკა მელია 23 თებერვალს, დილით, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს.

მის დაკავებას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG