Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის აქციაზე: პროტესტი, რომელიც იმართება, საფუძვლიანად არ მიმაჩნია


"ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე საფუძვლიანად არ მიიჩნევს იმ აქციას, რომელიც დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით თბილისში იმართება. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის დეპუტატი ოპოზიციის მოთხოვნებს, გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

"ადამიანებს საქართველოში უფლება აქვთ, პროტესტი გამოხატონ მიუხედავად იმისა, საფუძვლიანია თუ არა ის. მე პირადად, პროტესტი, რომელიც იმართება, საფუძვლიანად არ მიმაჩნია, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. პროტესტის გამოხატვა უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით, ყოველგვარი გაცდენა ამ საზღვრებიდან პასუხისმგებლობას იწვევს", - განაცხადა მან.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბებიან ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობას თავისუფლებისთვის“ დაიწყებენ და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართებიან. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზე გაკეთდება.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG