Accessibility links

site logo site logo

ზღვის თუ მოსკოვის შიში


ლევან ამირანაშვილი

ავტორი: ლევან ამირანაშვილი, ქალაქმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრანტი, მალმოს უნივერსიტეტი

საუკუნეების განმავლობაში, ქალაქები მუდმივად იყო კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობების ცენტრი.

მეოცე საუკუნე ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგან ინდუსტრიულმა რევოლუციამ, ქარხნების ამუშავებამ, რკინიგზისა და ტრანსპორტის განვითარებამ ურბანულ გარემოში ჭარბი სამუშაო ადგილები შექმნა. სოფლის მოსახლეობა მასობრივად გადასახლდა დაიწყო ქალაქში გადასახლება.

ამ მსოფლიო ტენდენციის ნაწილი იყო საბჭოთა საქართველოც. ფილმი - "საბუდარელი ჭაბუკი" კარგად აღწერს ქალაქური და სოფლური ცხოვრების დაპირისპირებას. მთავარი გმირი კოლხეთის დაბლობზე, ინდუსტრიულ ქალაქში გადადის სამუშაოდ, ქმნის ოჯახს და აღარ ბრუნდება სოფელში. ფილმი კი 1958 წელს არის გადაღებულია, მაგრამ ეს თემა დღესაც აქტუალურია.

საცხოვრებელ ადგილს დღესაც მასობრივად ტოვებენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა, ამჟამად ისინი ძირითადად განვითარებული ქვეყნების ქალაქებში მიემგზავრებიან. ქვეყნიდან დროებით და მუდმივად წასვლის მთავარი მიზეზი უმუშევრობა და რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. 2021 წელს, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე რეგისტრირებულთა რიცვმა 24 საათში 35 ათას ადამიანს გადასცდა, საერთო ჯამში კი ანკეტა ამ მომენტისთვის 70 000-მდე ადამიანმა შეავსო. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასით შემცირდა . იმ ფონზე, როდესაც ქალაქების ერთი ნაწილი უმუშევრობით და უპერსპექტივობით განიზიდავს თავის მოსახლეობას, ქალაქების მეორე ნაწილი ცდილობს, მიიზიდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა შექმნან მომხიბვლელი საცხოვრებელი გარემო და გადაიქცნენ გავლენიან ქალაქებად.

ტოკიო, ნიუ ორკი, შანხაი, სინგაპური, პეკინი, ჰონკონგი, ჰამბურგი, როტერდამი - ეს ის ქალაქებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გეოგრაფიული უნიკალურობის გამოვლენას ათასობით ქალაქებს შორის.

რა გახსენდებათ პირველად სინგაპურის გაგონებისას? ალბათ, თანამედროვე არქიტექტურა, სინგაპურის აეროპორტი, მაღალანაზღაურებადი სამსახური და ზოგადად - ცხოვრების მაღალი ხარისხი. სინგაპურისა და ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი ქალაქების ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით საზღვაო პორტებს.

საზღვაო პორტია ის ხიდი, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკას გლობალურთან აკავშირებს.

მაგალითად სწორედ პორტი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნიუ-ორკი ამერიკის ყველაზე დიდი, გავლენიანი და გლობალური ქალაქის სტატუსს ინარჩუნებს 200 წლის განმავლობაში.

ნიუ იორკი
ნიუ იორკი

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ნავსადგურებში ტვირთის გადაზიდვა მთლიანი ეკონომიკის 26 პროცენტს შეადგენს. 5,4 ტრილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ფედერალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში 378 მილიარდი ამერიკულ დოლარით შეავსო 2018 წელს.

როტერდამის პორტმა, პორტთან დაკავშირებული 385 000 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა და ჰოლანდიური ბიზნესის მრავალ სახეობას, მათ შორის, ერთ ერთ ყველაზე ცნობილ ჰოლანდიურ ყვავილებს გზა გაუხსნა მსოფლიო ბაზრებისკენ.

პორტები გავლენას ახდენენ მის გარშემო მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქებზე და, საერთო ჯამში, კეთილდღეობა მოაქვთ მთელი რეგიონისთვის.

ეკონომიკის და დემოგრაფიის განვითარებათან ერთად, პორტი ძალიან ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანას საგარეო ვაჭრობაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნის გავლენისა და იმიჯის გაზრდაში ეხმარება.

Საზღვაო ნავსადგურების მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდათ საბჭოთა კავშირში. ჯერ კიდევ 80 წლის წინ, იოსებ სტალინის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო მოსკოვისა და ვოლგა-დონის არხების მშენებლობა. მისი დასრულების შემდეგ მოსკოვს „ხუთი ზღვის საპორტო ქალაქი“ დაარქვეს, რადგან საბჭოთა კავშირის დედაქალაქს შავ, თეთრ, კასპიის, აზოვისა და ბალტიის ზღვაზე შეეძლო გასვლა.

საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ მოსკოვის ამბიცია, რომ ზღვებზე იბატონოს, კვლავ დიდია. ომი, ოკუპაცია, შიდა არეულობის მხარდაჭერა, ეს მცირე ჩამონათვალია იმ საფრთხეების რასაც რუსეთი მის სამეზობლობს უქმნის. აფხაზეთი და ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო გზით ოკუპირებულია. მოსკოვი შავ ზღვას მხოლოდ თავის საკუთრებათ მიჩნევს.

თუმცა , ყველაზე "წარმატებული" და "ჩუმი" სპეცოპერაცია, რომელიც რუსეთმა შავ ზღვაზე ბოლო პერიოდში განახორციელა ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერებაა. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც საქართველოზე უნდა გაევლო და მსოფლიო წარმოების ლიდერი ჩინეთიდან დასავლეთისკენ ათასობით კონტეინერი შავი ზღვის გავლით უნდა გადაეზიდა, საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა.

Ღარიბი ქვეყანა იყო, მოსახლეობა მასიურად გარბოდეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პერსპექტივა გქონდეს და მიზანმიმართულად არ აშენებდე?

ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა ეკონომიკური ზარალი მიადგა საქართველოს, რამდენი ათასი ქართული ღვინის ბოთლით ნაკლები გაყიდა,რამდენი დაკარგეს მწარმოებლებმა, ფერმერებმა,ექსპორტმა და ზოგადად - საქართველოს მოსახლეობამ.

პოსტკორონა პერიოდში, როდესაც საგარეო ვალი კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება, როდესაც მილიარდები დაკარგა ტურიზმის სექტორმა, ემიგრანტების გამოგზავნილი თანხა კი ქვეყანას სიღარიბიდან ამოსვლაში ვერ ეხმარება საქართველოს სჭირდება არა უბრალოდ წარმატებული გზა, არამედ ძალიან ორიგინალური გზების პოვნა ეკონომიკის განვითარების ორ ნიშნულამდე ასაყავანად.

ანაკლია, 2014 წელი
ანაკლია, 2014 წელი

საქართველოს არ გააჩნია ნავთობის, ოქროს, ალმასის საბადოები, მაგრამ აქ ფლობს "შავი ბრილიანტის" საბადოს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივის სახით.

ხშირად ანაკლიის პორტზე საუბარისას მხოლოდ სატვირთო ტერმინალის შესაძლებლობებს აფასებენ, . თუმცა, სინამდვილეში, ანაკლიის საპორტო პოტენციალი არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ საქართველომ შავ ზღვაზე 21-ე საუკუნის ახალი, თანამედროვე ქალაქი ააშენოს. ქალაქი, რომელიც კოლხეთის დაბლობზე იქნება და ადამიანებს ისევე მოიზიდავს, როგორც ამას ნიუ ორკი, სინგაპური, როტერდამი თუ სხვა ქალაქები იზიდავენ. მე ამ მომავლის ქალაქს, როგორც შავ ბრილიანტს - Black Diamond - ისე ვხედავ, რომელიც პოსტკოვიდურ სიტუაციაში საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტი შეიძლება გამხდარიყო.

მოსკოვი
მოსკოვი

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ანაკლიაში რესურსი ვერ ან არ დაინახა. არაფრად ჩააგდო პორტის მშენებლობის უნიკალური პერსპექტივა, სწრაფი ურბანიზაცია, ათი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, ექსპორტის გაძლიერება, ხელმისაწვდომი საზღვაო მოგზაურობები, და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სარგებელი.

ეს კი, ბუნებრივია, აჩენს რიტორიკულ კითხვას - ანაკლიის პოტენციალის ვერ ან არ დანახვა ზღვისადმი ქართველების ისტორიული შიშით არის გამოწვეული, თუ - მოსკოვის შიშით? რომელსაც არ სურს შავ ზღვაზე, მოსკოვის გარდა, რომელიმე სხვა ქალაქი დომინირებდეს.

XS
SM
MD
LG