Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ადასტურებს, რომ ნავალნი კოლონიაში გადაიყვანეს, მაგრამ არ ამხელს - რომელში


ალექსეი ნავალნი დაპატიმრებისას, 2021 წლის იანვარი
ალექსეი ნავალნი დაპატიმრებისას, 2021 წლის იანვარი

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც სასამართლომ პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა "ივ როშეს“ საქმეში, მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს. ამის თაობაზე ჟურნალისტებს ცნობა მიაწოდა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრ კალაშნიკოვმა. მან თქვა, რომ ნავალნი იქნება „აბსოლუტურად ნორმალურ პირობებში“ და ის იძლევა მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების გარანტიას.

უწყება არ აზუსტებს, რომელ კოლონიაში წაიყვანეს ოპოზიციონერი.

როცა ნავალნი კოლონიაში ჩავა, ხელისუფლება ვალდებულია, მის ნათესავებს და ადვოკატებს აცნობოს მისი ადგილსამყოფელი. სანამ ის გზაშია, მასთან კავშირი არ არსებობს. იზოლატორიდან ნავალნის წაყვანის შესახებ წინა დღით ცნობა გაავრცელა მისმა ადვოკატმა. ინფორმაცია დაადასტურა ასევე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიამ.

ნავალნი დაკავებულია 17 იანვრის შემდეგ. ის დააკავეს ბერლინიდან დაბრუნებისთანავე, აეროპორტში. გერმანიაში ის აგვისტოს შემდეგ მკურნალობდა მას მერე, რაც რუსეთში მოწამლეს. მას პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს გამოსაცდელი ვადის დარღვევის გამო. შინაპატიმრობის და საგამოძიებო იზოლატორში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მას კოლონიაში მოუწევს 2 წლითა და ხუთი თვით ყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG