Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის წინ აქტივისტებმა დადგეს 11 კარავი


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კონცერტი გრძელდება. ამ დროისთვის ტროტუარზე გაშლილია 11 კარავი, მათ შორის არის ზუგდიდიდან და თელავიდან ჩამოტანილი კარვები. ერთ-ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

აქტივისტების ნაწილმა თავდაპირველად კარავი გაშალა გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის მოწოდების შემდეგ ის პარლამენტის წინ გადაიტანეს.

დღეს, 26 თებერვალს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან, საიდანაც „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ დაიწყო და საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან დაგეგმილ მიტინგზეც გაკეთდა. ხანმოკლე გამოსვლების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერების მეთაურობით, მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, ახლა კი ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. გასული ორი დღის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG