Accessibility links

site logo site logo

დასავლეთის პარლამენტარები: "საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილს, საფრთხე შეექმნა"


ჟიგიმანტას პავილიონისი თბილიში, 2021 წლის 21 თებერვალი

"საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ოფისზე იერიშმა მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების მიზნით, აჩვენა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე“, წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის და ჩეხეთის, ასევე ბალტიის სამი ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ სწრაფვებთან და ეწინააღმდეგება აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა 2020 წლის 8 მარტს.

დოკუმენტზე ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს „გაერთიანდნენ, რათა პოლიტიკური მოგვარების გზა გამონახონ პრობლემებისა, რომლებიც ბოლო წლებში გაჩნდა და არ მისდიონ ტაქტიკას, რომელსაც სხვები იყენებენ ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ“.

ერთობლივ განცხადებაში ასევე წერია, რომ დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და გრძელდება დღემდე, ხაზს უსვამს მათ პირად პასუხისმგებლობას მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგებისთვის, ვინც ხელისუფლებაშია და თავშეკავებას არ გამოიჩენს.

განცხადების დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც თავისუფალი წევრის ადგილი ევროპულ ოჯახში ეჭვგარეშეა, მაგრამ მას "საფრთხე შეექმნა ძალადობისა და თავისუფლებაზე თავდასხმის გამო“.

ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს: "სოლიდარობის ეს განაცხადი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კრემლის მცდელობის და საინფორმაციო იერიშის მიუხედავად, რომელიც განსაკუთრებით სასტიკი იყო ბოლო დღეებში და რომლის მიზანი საქართველოს და ჩვენი გახლეჩაა, ჩვენ მარტო არ ვართ ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ბრძოლაში“.

პავილიონისი საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ერთი კვირის წინ იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მას მაშინ პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG