Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან ამ დროისათვის გაშლილია 11 კარავი


საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ტროტუარზე ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი. მათ შორის არის ზუგდიდიდან, ბათუმიდან და თელავიდან ჩამოტანილი კარვები. ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათიეს. არსებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში კარვების რაოდენობა პარლამენტის წინ შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

გუშინ, 26 თებერვალს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 13:00 საათზე შეიკრიბნენ ფილარმონიასთან. პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ ფილარმონიასთან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლა. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტთან გამართულ მიტინგზეც გაკეთდა. გამოცხადდა მომავალი სამოქმედო გეგმაც. ხანმოკლე გამოსვლების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერების მეთაურობით, მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს და შემდეგ ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. მომდევნო დღეების განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG