Accessibility links

site logo site logo

წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა თითქმის 2 ტრლნ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმა, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუნდმა წარადგინა. ის მთავრობას თითქმის 2 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. წარდგენილ ზომათა შორისაა ამერიკელთა უდიდესი ნაწილისთვის 1400 დოლარი ერთჯერადი დახმარების გაცემა, მინიმალური ხელფასის გაორმაგება საათში 15 დოლარამდე და ბიზნესისთვის განკუთვნილი დაფინანსება.

პაკეტს 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212 წინააღმდეგი იყო. ახლა ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს თანაბარი რაოდენობის ხმები აქვთ, მაგრამ თუ კენჭისყრისას ხმები თანაბრად გაიყო, ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

„გადარჩენის“ გეგმა ითვალისწინებს ვაქცინების შესყიდვას, დაზარალებული ბიზნესისთვის დახმარების გაწევას, უმუშევრობის შემწეობის გაცემას კვირაში 400 დოლარის ოდენობით და ბავშვებისთვის - 300 დოლარს თვეში.

კანონპროექტის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეკონომიკაში კიდევ თითქმის ორი ტრილიონი დოლარის შეყვანამ შეიძლება მისი გადახურება გამოიწვიოს და გაზარდოს ინფლაცია. მინიმალური ხელფასის გაზრდამ ასევე შეიძლება შეამციროს ბიზნესის კონკურენტუნარიანობა, აცხადებენ ისინი. პაკეტის მომხრეები კი ამბობენ, რომ კანონის ნეგატიურ შედეგებთან, თუკი ასეთები იქნება, მოგვიანებით შეიძლება ბრძოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG