Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი" გახსნა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

„პანდემიის მიუხედავად ქართველი ხალხი მტკიცეა და მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ათასობით კრეატიული სტარტაპი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ინოვატორი მეწარმე ჰყავს, კვლავ აღდგება თქვენი მონაწილეობით.

დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და გარკვეულწილად სოლიდარობის მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა, რაც ამავდროულად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მზარდი ეკონომიკის განვითარებას. მას შემდეგ, რაც პანდემია მინელდება და მსოფლიო თავის აქტიურ რიტმს დაუბრუნდება, მე განვაგრძობ შეხვედრებს როგორც დიასპორის წევრებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან, დიასპორათა ისეთი წარმომადგენლობებიდან, როგორიც თქვენ ხართ, რათა ხელი შევუწყო თქვენნაირი ინვესტორების ჩართულობას საქართველოს რეგიონულ და ეროვნულ განვითარებაში.
კონფერენციის მონაწილე სააგენტოები დღეს საქართველოში ინვესტირების უპირატესობებსა და სტრატეგიებს წარადგენენ. ჩემი ადმინისტრაცია მათთან ერთად უკვე მუშაობს, რათა მოხდეს პირდაპირი კავშირების გაბმა ე.წ. მილსადენის შექმნა ,,ინვესტორი - ეკონომიკამდე“ და ინვესტორები უშუალოდ დაუკავშირდნენ სტარტაპებს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოთხი თემატური სესია გაიმართა. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG