27 თებერვალს მოსკოვში ოპოზიციის ყოფილი ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე 9 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ამის შესახებ იუწყება ორგანიზაცია „თეთრი აღმრიცხველი“.
მემორიალურ ცერემონიას დაესწრნენ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები.
დღესვე მოსკოვის დროით 23:30-ზე ბორის ნემცოვის ხსოვნის საპატივცემულოდ გაიმართება წუთიერი დუმილის აქტები.
ნემცოვის მკვლელობის დღეს, როგორც წესი, მოსკოვში მარშით აღნიშნავენ ხოლმე. მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ოპოზიციის აქტივისტები შეიკრიბნენ ნემცოვის მკვლელობის ადგილზე კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს კრემლის მახლობლად. 2017 წლის ივლისში მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ ბოროტმოქმედების აღსრულებაში დამნაშავედ ცნო ხუთი ადამიანი და მათ 11-დან 20 წლამდე პატიმრობის ვადები შეუფარდა. მაგრამ მკვლელობის დამკვეთები და ორგანიზატორები დღემდე არ არიან ცნობილი.
Scanner Project-მა „მედიაზონასთან“ ერთად გაარკვია, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უგულებელყო ნემცოვის მკვლელობის მნიშვნელოვანი მოწმეები და ბოროტმოქმედების შესაძლო თანამონაწილეები. მათი ნაწილი დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ადამ დელიმხანოვთან, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.
დაწერეთ კომენტარი