Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო“ ნამახვანჰესზე: ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ


პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს ნამახვანის ჰესის მშენებლობის სამოქალაქო პროტესტს და აცხადებს, რომ „ლელო“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერია, რისთვისაც ქვეყნის ჰიდრორესურსები გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული.

„თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს“, - აცხადებენ პარტიაში.

„ლელო“ ხელისუფლებისგან მოითხოვს შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა საეჭვო საკითხი არ იქნება განხილული ექსპერტებისა და მოსახლეობის ჩართულობით და არ იქნება მიღწეული კონსენსუსი. მანამდე კი, საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადოს საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოახდენს ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირებას და რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, ინვესტორმა მოსახლეობას შესთავაზოს არამხოლოდ ერთჯერად კომპენსაციები, არამედ დაარწმუნოს იმაში, რომ გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარება. „ლელოს” ინიციატივით, ახალი ჰიდროელექტროსადგურების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ და მიიღონ გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებელი, პირადი ქონების დათმობის სანაცვლოდ“, - ვკითხულობთ „ლელოს“ განცხადებაში.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ სოფელ ნამოხვანში 126-ე დღეა გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც უარს აცხადებს კომპენსიაციაზე, წინააღმდეგია 433 მეგავატიანი ჰესის მშენებლობის და მოითოვს ჰესის მშენებელმა კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მორიგი აქცია დღეს, 28 თებერვალს ქუთაისშიც იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG