Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) პოლიციამ დემონსტრანტებს ესროლა, დაიღუპა მინიმუმ ოთხი ადამიანი


კვირას ბირმაში (მიანმარი) პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. მოკლულია მინიმუმ ოთხი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. ეს ყველაზე სისხლიანი დღეა მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

გარდა ამისა, ქალი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა ქალაქ რანგუნში, როცა პოლიციამ მასწავლებლების საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა გამაყრუებელი ჭურვებით.

ბირმაში ქაოსი სუფევს მას შემდეგ, რაც 1 თებერვალს სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება და დააპატიმრეს არჩეული მთავრობის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მისი მმართველი პარტიის სხვა ლიდერები.

სამხედრო მმართველები აცხადებენ, რომ ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა ხმების დიდი უმრავლესობით, გაყალბებული იყო.

სამხედრო გადატრიალებამ კვლავ შეაჩერა დემოკრატიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც თითქმის 50-წლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ იდგმებოდა ქვეყანაში.

გადატრიალების შემდეგ ასიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. პუტჩი ფართოდ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.

ძირითადად ბუდისტებით დასახლებული ქვეყნის პირველმა კათოლიკე კარდინალმა, ჩარლზ მაუნ ბომ 28 თებერვალს ტვიტერში დაწერა, რომ ბირმა „ბრძოლის ველს ჰგავს“.

28 თებერვალს პოლიციამ რამდენიმე ქალაქში გაუხსნა დემონსტრანტებს ცეცხლი მას შემდეგ, რაც გამაყრუებელი ჭურვებით, ცრემლსადენი გაზითა და ჰაერში გასროლით ვერ დაშალეს. პოლიციის ძალები არმიის ნაწილებით გააძლიერეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG