Accessibility links

site logo site logo

ზალკალიანი: მიშელი სხვადასხვა მხარესთან ერთად განიხილავს შიდაპოლიტიკურ ვითარებას


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია.

ზალკალიანის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს საქართველოში ამჟამად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი.

„ბუნებრივია, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრებთ. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს. განიხილოს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ის გზები, რომლებიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოინახოს არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, ამ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემოა შექმნილი“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შარლ მიშელის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შარლ მიშელი მიემგზავრება საოკუპაციო ხაზთან და ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომლებსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რა განვითარებაც გვაქვს რეგიონში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ვითარების შეფასების თვალსაზრისით. ასევე ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის კუთხითაც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება ეს. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია.

მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება და საკუთარი თვალით მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. ვფიქრობ, რომ ის კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც რუსეთის ხელისუფლებასთან მაღალ დონეზე იყო დაყენებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განხილულ იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხი.

„ბუნებრივია, განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით არსებულ სიტუაციას. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტი დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტის დროს ბრიუსელში. პრეზიდენტი ეწვევა საქართველოსთან ერთად უკრაინას და მოლდოვას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნირობისთვის - მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ჩვენ ვემზადებით სამიტისთვის და გვაქვს მოლოდინები იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირში. საუბარია ასოცირებულ წევრებზე - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. თუ რა მოლოდინები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისითაც ეს ვიზიტი კარგი საშუალება იქნება, განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად. იგი 2 მარტს დატოვებს საქართველოს.

მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. საქართველოს გარდა შარლ მიშელი უკრაინას ეწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG