Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიტინგს გამართავს


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეები მიიწვია ერევნის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დღეს საღამოს მიტინგი და მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება.

დღეს 13 წელი სრულდება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად დაწყებული აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირებიდან, რომლის შედეგად დაიღუპა 8 დემონსტრანტი და ძალოვანი უწყებების 2 თანამშრომელი.

28 თებერვალს, ფეისბუკით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა თქვა, რომ 1 მარტს დაგეგმილ მიტინგზე უნდა გამოჩნდეს, რომ საზოგადოება დაიცავს სამოქალაქო, კონსტიტუციურ წესრიგს და არა პირადად მისი მთავრობის, არამედ ხალხის ძალაუფლებას.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში აღარ მოხდება 2008 წლის მსგავსი სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველანი ძმები არიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, დღევანდელ მიტინგზე ილაპარაკებს ქვეყნის პრეზიდენტის გაუგებარ გადაწყვეტილებაზეც, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს.

27 თებერვალს, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი არ მოაწერა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უკან დაუბრუნა განკარგულება, თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ. სარქისიანმა განაცხადა, რომ განკარგულება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

ფაშინიანმა გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო, მას შემდეგ, რაც გენერალურმა შტაბმა მისი გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გენშტაბის მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი.

რამდენიმე დღის წინ, ხაჩატრიანმა გააკრიტიკა ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ. 23 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა 1in.am-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სომხეთის შეიარაღებაში არსებული „ისკანდერები“ არ აფეთქდა, ან აფეთქდა მხოლოდ 10%-ით. თავის მხრივ, გენერალმა ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და ზედაპირული შეფასებებით დასკვნების გამოტანა არასერიოზულია.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გენერალური შტაბის მოთხოვნას მიესალმა ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა", რომელმაც ერევანში 20 თებერვლიდან განაახლა საპროტესტო აქციები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 17 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანთან დამარცხების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG