Accessibility links

site logo site logo

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა


შარლ მიშელი ხურვალეთში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგად მავთულხლართებითაა გაყოფილი.

მიშელს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხურვალეთის მცხოვრებთ გაესაუბრა.

შარლ მიშელმა მედიას უთხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თავად ენახა არსებული სიტუაცია.

მავთულხლართებით გაყოფილი სოფლის ნახვის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი მოქალაქეებისთვის სასტიკი რეალობაა 2008 წლის ომის შემდეგ და ამის შეცვლა აუცილებელია. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს დილით შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს.

შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG