Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუმ ირანს ბრალი დასდო ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემზე თავდასხმაში


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანს ბრალი დასდო, რომ ის გასულ კვირაში ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემს დაესხა თავს ომანის ყურეში. თეირანი უარყოფს ბრალდებას.

„ეს ირანის მიერ გახორციელებული ოპერაცია იყო. ეს ცხადია“, განაცხადა ნეთანიაჰუმ 1 მარტს სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. „ირანი ისრაელის უდიდესი მტერია, მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, შევაჩერო ის. ჩვენ მასზე მთელ რეგიონში ვახორციელებთ დარტყმას“, თქვა ნეთანიაჰუმ შეკითხვაზე, მიმართავს თუ არა ისრაელი საპასუხო ზომებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ხატიბზადემ „ენერგიულად უარყო“ ისრაელის გემზე ირანის თავდასხმა და თქვა, რომ ნეთანიაჰუ „ირანით არის შეპყრობილი“.

ისრაელის კუთვნილი სატვირთო გემი MV Helios Ray, რომელსაც ავტომობილები გადააქვს, საუდის არაბეთის პორტ დამამიდან სინგაპურში მიემართებოდა, როცა მასზე აფეთქება განხორციელდა 25 თებერვალს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ, გემის ისრაელელი მფლობელის თქმით, ხომალდს გვერდით მხარეზე ორი 1,5-მეტრიანი ნახვრეტი დაუტოვა.

გემი, რომელიც ამჟამად ბაჰამის კუნძულების დროშით დაცურავს, დუბაიშია გაჩერებული. მის შესამოწმებლად ისრაელიდან ჯგუფი გაიგზავნა.

როგორც ვარაუდობენ, ირანი ან მისი რეგიონული მოკავშირეები არიან პასუხისმგებელნი გემებზე თავდასხმებისთვის, რომლებიც უკანასკნელ წლებში განხორციელდა სტრატეგიული მნიშვნელობის სპარსეთის ყურეში. მათ შორის იყო თავდასხმა საუდის არაბეთის ტანკერებზე 2019 წელს. ირანი უარყოფს თავდასხმებში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG