Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებასთან შეთანხმების ალტერნატიული წინადადებების დაყენებაზე საუბრობს


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ერთ-ერთი საკითხი მათი როლის ფასილიტატორობიდან მედიატორობამდე შეცვლაა.

"ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო - ფასილიტაციიდან მედიაციისკენ [შეცვლაა]. ეს არის ორი ძალიან განსხვავებული რამ, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს წარმოადგენს ევროკავშირი, რომ მის ასოცირებულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თავად მიშელი აპირებს ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგში ჩართვას, თუ ამის მზაობა იქნება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოში არის", - თქვა ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს დილით შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დღის მეორე ნახევარში კი ოპოზიციას ესაუბრა.

შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG