Accessibility links

site logo site logo

სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი იქნება უკიდურესად ჩართული საქართველოში კრიზისის განსამუხტად


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ შეუძლია თქმა, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად ჩართული საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაში.

მისი განმარტებით, ყველა აცნობიერებს, რომ მოსაძებნია კრიზისიდან გამოსავალი, სხვა შემთხვევაში, შექმნილი ვითარება ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის. ევროკავშირს კი საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი როგორც იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუ რა მიაჩნია კრიზისიდან გამოსავლად - ეს არის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, და ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

რაც შეეხება იმას, თუ რას ხედავს გამოსავლად შარლ მიშელი, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურასად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს.

„ძალიან კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ შეუძლებელია მძევლად აჰყავდეს ადამიანები ხელისუფლებას, აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე. ეს არის თავისთავად აბსურდული მოცემულობა, ეს მათ ესმით ძალიან კარგად“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს დილით შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც რუსული ოკუპაციის შედეგად მავთულხლართებითაა გაყოფილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობის შეფასებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად შარლ მიშელმა ხურვალეთში ყოფნისას თქვა, რომ, სავარაუდოდ, საღამოს გვიან ექნება შესაძლელობა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე განცხადება გააკეთოს.

საღამოს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებები.

შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG