Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების და საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით გამოვიდა


ნიკორლ ფაშინიანის მომხრეთა შეხვედრა ერევანში, 2021 წლის 1 მარტს
ნიკორლ ფაშინიანის მომხრეთა შეხვედრა ერევანში, 2021 წლის 1 მარტს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია.

ფაშინიანი გამოვიდა თავისი მომხრეების მიტინგზე ერევნის ცენტრში, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მან თქვა, რომ ის გამოდის მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რათა ქვეყანა მართვის საპარლამენტოდან, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს.

სომხეთი, ამასთან, 2018 წელს გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე. ამ ცვლილებების მომხრეები მოელოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი შეინარჩუნებდა ხელისუფლებას როცა პრემიერი გახდებოდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალეს მასობრივმა გამოსვლებმა, რასაც მოჰყვა ფაშიანის მოსვლა ხელისუფლებაში.

1 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა.

ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის კონტროლქვეშ იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან.

ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ საზავო შეთანხმებას სომხეთში ბევრი შეურაცხმყოფელ დამარცხებად მიიჩნევს.

გასულ კვირაში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ტირან ჟაჩატრიანი, რომელმაც მანამდე პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ გენშტაბის რამდენიმე ათეულმა მაღალი რანგის ოფიცერმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფაშინიანს და მის მთავრობას ბრალი დასდეს ქვეყნის „კოლაფსის პირამდე“ მიყვანაში. მათი თქმით, მთავრობა ამ ვითარებაში „ვეღარ შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას“.

ფაშინიანმა სამხედროთა ამ ნაბიჯს „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა და დაუყოვნებლივ მოხსნა გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი. მაგრამ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა გასპარიანის მოხსნისთვის ხელის მოწერაზე. ამის საპასუხოდ ფაშინიანის ალიანსის ზოგიერთი წევრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG