Accessibility links

site logo site logo

სამადაშვილის თქმით, არსებობს ორი მთავარი თემა - პოლიტპატიმრები და რიგგარეშე არჩევნები


სალომე სამადაშვილი

ოპოზიციის ხედვის შესახებ ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, შეხვედრის მთავარი შედეგი არის დიალოგის განახლება.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების ძალიან მძიმე შესაძლო განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, არსებობს ორი მთავარი თემა - პოლიტპატიმრების გათავისუფლების და არჩევნების თემა. აქ ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოგვიტანს“, - თქვა სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ შედეგის მისაღწევად ორივე მხარემ შესაბამისად უნდა გამოხატოს პოლიტიკური ნება.

„ოპოზიციამ დააფიქსირა ეს პოლიტიკური ნება. კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, როგორ მიდის ქვეყანა წინ, რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. მან არ ისურვა ელაპარაკა შეხვედრაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციის შესახებ.

შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG