Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძის თქმით, დაემატა 2 პუნქტი - მართლმსაჯულების რეფორმა და ძალაუფლების დანაწილება


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი 6-პუნქტიანი წინადადების შესახებ ილაპარაკა ორბელიანის სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ყველა ის პუნქტი დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რასაც აქამდე ოპოზიცია აყენებდა (მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების საკითხები). მისი განცხადებით, ჩამონათვალს დაემატა ორი პუნქტი, ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და მეორე, ძალაუფლების დანაწილებას.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი დაიწყო წინაპირობების გარეშე. „არავის არ ჰქონია პოზიცია „ოცნების“, ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ რაღაცაზე არ ისაუბრებენ“, - თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა. მან დააზუსტა, რომ, მართალია, პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხები შედის წარმოდგენილ ექვს პუნქტში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მასზე ხელს აწერს, არამედ - ამ საკითხებზე საუბარი უნდა გაგრძელდეს.

შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის დღეს საღამოს შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ასევე ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG