Accessibility links

site logo site logo

ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი: ბირთვული ინსპექცია მოლაპარაკებაზე ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ვენაში. 2021 წლის 1 მარტი.

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი სააგენტოს ინსპექტორების საქმიანობა არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი ირანთან მსოფლიოს ქვეყნების 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მოლაპარაკებაზე. სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თანახმად, ინსპექცია შენარჩუნებული უნდა იქნეს. ამის თაობაზე გროსიმ განაცხადა ვენაში, 1 მარტს, სააგენტოს საბჭოს კვარტალური შეხვედრის წინ.

გასულ კვირაში თეირანმა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა საერთაშორისო ინსპექტორებს, რათა ზეწოლა მოახდინოს აშშ-ზე, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება და სანქციები განუახლა ირანს, და ბირთვული შეთანხმების მონაწილე მხარეებზე.

ამავე დროს თეირანში გროსის ამასწინანდელი ვიზიტისას გაფორმდა დროებითი შეთანხმება, რომლის მიხედვით ინსპექტორების დაშვება ობიექტებზე უზრუნველყოფილია.

დაძაბულობა დაიწყო მას მერე, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა ბირთვული შეთანხმება და კვლავ დაუწესა ირანს ეკონომიკური სანქციები, რათა აეძულებინა თეირანი, შეთანხმების გადასინჯვას დათანხმებულიყო. ირანმა ვაშინგტონის ნაბიჯის საპასუხოდ ეტაპობრივად დაიწყო ბირთვული შეთანხმების საკვანძო პირობების დარღვევა.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოხატა სურვილი, კვლავ შეუერთდეს ბირთვულ შეთანხმეაბას, მაგრამ მოითხოვს, რომ თეირანმა აღადგინოს პირობების სრულად შესრულება.

თეირანს სურს, რომ პირველ რიგში გაუუქმონ მას სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG