Accessibility links

site logo site logo

სლოვაკეთი გახდა ევროკავშირის მეორე ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა შეიძინა


რუსეთიდან სლოვაკეთში ჩაიტანეს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია - 200 000 დოზა.

სლოვაკეთი რუსეთისგან სულ 2 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა მხოლოდ 1 მარტს, ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტიის ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება 27 თებერვალს გაფორმდა.

მატოვიჩის თქმით, რუსული ვაქცინის შეძენას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან COVID-19-მა გეოპოლიტიკის შესახებ არაფერი იცის და სლოვაკეთს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინები საკმარისი რაოდენობით რომ მიეღო, ვაქცინას რუსეთისგან არ შეიძენდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაციის ამჟამინდელი ტემპი ეპიდემიის დასამარცხებლად არასაკმარისია, რუსული პრეპარატის გამოყენება კი, პროცესს 40%-ით დააჩქარებს.

„სპუტნიკ V“ ევროკავშირის სამედიცინო სააგენტოს მიერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა, რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა სლოვაკეთის ეროვნულმა სააგენტომ.

სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი მეორე ქვეყანაა, რომელმაც მოსახლეობის რუსული ვაქცინით აცრა გადაწყვიტა. „სპუტნიკით" ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს უნგრეთში.

რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერებმა ამ ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანეს, რადგან „სპუტნიკს“ გავლილი არ ჰქონდა გამოცდის მესამე, გადამწყვეტი ეტაპი.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამ ვაქცინით უკვე აიცრა დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი და მისი ეფექტურობა დაახლოებით 94%-ია. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში, რომელიც ვაქცინის დისტრიბუციას ეწევა, აცხადებენ, რომ „სპუტნიკს“ უკვე 39 ქვეყანა იყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG