Accessibility links

site logo site logo

აშშ რუსეთს სანქციებს უმზადებს ნავალნის დევნის გამო


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს დაუწესებს ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო. ტელეკომპანია CNN-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ სანქციებს ამ კვირაში მიმართავს ევროკავშირთან შეთანხმებით და „შავ სიაში“ აღმოჩნდებიან რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირები.

სააგენტო Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია დღეს, 2 მარტს დაასახელებს კონკრეტულ პირებს, რომელთა წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. დღესვე ასეთ სიას გამოაქვეყნებს ევროკავშირი.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი, 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ბრალდებებს უარყოფს.

16 თებერვალს, სტრასბურგის სასამართლომ, სადაც ნავალნის საჩივარი აქვს შეტანილი, რეგლამენტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და რუსეთს მოთხოვა პატიმრობიდან მისი გათავისუფლება. ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის საფრთხე ემუქრება. რუსეთმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. 20 თებერვალს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნი პატიმრობაში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG