Accessibility links

site logo site logo

მამუკა ხაზარაძე: უახლოეს საათებში უნდა მოხდეს კონკრეტული შემოთავაზება "ქართული ოცნებისგან", ასე გაგრძელება აღარ შეიძლება


„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისგან“ უახლოეს დროში ელოდება კონკრეტულ წინადადებებს და პასუხს იმაზე - აპირებს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული საკითხების განხილვას.

„ჯერ კონკრეტიკა ამ საკითხზე არ არის. გულწრფელად გითხრათ. ორი გრძნობით გამოვედი გუშინდელი შეხვედრიდან: ერთი, რომ პროცესი გადავიყვანეთ მაღალ დონეზე, მაგრამ შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცისთვის მზად არის, არ დამრჩა.

ტელევიზიით ვისმენ, რომ კულტურის სამინისტროს შექმნის და ასეთი საკითხების განხილვას იწყებენ. მგონი, პრიორიტეტების პრობლემაა ქვეყანაში. ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება, გვჭირდება განმუხტვა ამ სიტუაციის და ადეკვატური პასუხებია საჭირო ხელისუფლებისგან“.

მამუკა ხაზარაძის თანახმად, მომდევნო შეხვედრების თარიღები ცნობილი არ არის:

„ბატონმა მიშელმა თქვა, რომ მას აქვს იდეა, ამ პროცესს მისცეს მეტი პოლიტიკური დატვირთვა და თავის მხრიდან ჩართოს მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, რაც ძალიან კარგია. ეს მისცემს პროცესს სტაბილურობას და გარანტიას, მაგრამ ვიმეორებ, მზაობა უნდა ჩანდეს ხელისუფლებისგან.
მე გამიკვირდა, რომ ამ შეხვედრაზე იყო მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, როცა ოთხ რაუნდში „ოცნების“ მხრიდან მონაწილეობდნენ სხვა პირები - ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე. ამიტომ თავიდან დაწყებას ჰგავდა ეს ყველაფერი, რადგან იქ ყველაფერი იქნა გავლილი“
.

მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა მიმდინარე პროცესში არის ნდობის დეფიციტი:

„ნდობა არის დაკარგული. არ მაქვს განცდა, რომ დღეს რასაც იტყვიან, იქნება თანმიმდევრული პოლიტიკა და ჩემი მხრიდან, „ლელოს“ მხრიდან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ - რასაც ვიტყვით, იმას ძალიან ბოლომდე გავყვებით. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართულ პოლიტიკას აკლია, არის ნდობის ფაქტორი. სიტყვასა და საქმეს შორის კავშირი დაიკარგა ქვეყანაში“.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანას აურზაური არ სჭირდება:

„ჩვენ ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკების მხარეს. არანაირი პიკეტები, არანაირი აურზაური ამ ქვეყანს არ სჭირდება. თუ ჩვენ გონიერება გვეყოფა ორივე მხარეს, ქვეყანას გამოვიყვანთ ამ მდგომარეობიდან. ამიტომ, ამას ადეკვატური, სწრაფი რეაგირება სჭირდება. მეგონა, რომ დილით ჩაინიშნებოდა [„ქართული ოცნების“] პოლიტსაბჭო, იმსჯელებდნენ.
ბატონმა მიშელმა თქვა, რომ მისი წარმომადგენელი - ბატონი ჰარცელი აღიჭურვება სპეციალური მისიით. ასევე თქვა, რომ უახლოეს დღეებში იგი ჩართავს თავისი მხრიდან დამატებით ადამიანებს. ჩვენ ვიცით და „ლელოს“ აქვს კონტაქტი - იქ, ევროკავშირში მიდის სერიოზული მუშაობა, რომ დეპუტატები ჩაერთონ ამ პროცესში. ამაზე უნდა იყოს დღეს კონცენტრირება გადასული, მაგრამ არანაირი მესიჯი არ მოდის დილიდან... ადამიანები ელოდებიან რეაგირებას“
.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG