Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთს შეუძლია, რუსული ვაქცინა „რაც შეიძლება მალე“ მიიღოს


ჩეხეთის რესპუბლიკას შეუძლია, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V მიიღოს „რაც შეიძლება მალე“, განუცხადა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა CNN Prima News-ს და დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან კონსულტაციის შემდეგ თხოვნით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ჩეხეთისთვის ვაქცინის მიწოდების თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Prague Morning-ი.

„თუ სწორედ ვარ ინფორმირებული, ეს თხოვნა შესრულდება, მაგრამ, ცხადია, საჭიროა სერტიფიცირების საკითხის მოგვარება“, თქვა ზემანმა და დასძინა, რომ მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტის სერტიფიკატი საკმარისი იქნება.

ჩეხეთის პრემიერი წინააღმდეგი იყო, Sputnik V-ზე თანხმობა ეთქვა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ დამტკიცების გარეშე, რაზე განაცხადიც არ არის შეტანილი, მაგრამ, ჩანს, ახლა ბაბიშმა პოზიცია შეიცვალა. „ვერ დავუცდით ევროპის სამედიცინო სააგენტოს იმიტომ, რომ რუსეთს არ შეუტანია განაცხადი“, უთხრა ბაბიშმა CNN Prima News-ს და დაამატა, რომ ევროპის ექვს ქვეყანას სურს რუსული ვაქცინის მიღება.

მაშინ, როცა ჩეხეთის პრეზიდენტი და პრემიერი მზად არიან რუსული ვაქცინის გამოყენებისთვის ევროპის სააგენტოს დამტკიცების გარეშე, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იან ბლატნიმ, დაადასტურა, რომ ის ევროპის სააგენტოს რეგისტრაციის გაუვლელად რუსულ ვაქცინას სერტიფიკატს ვერ მისცემს.

ჩეხეთში ამ ეტაპზე აცრები ხდება Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებით, მაგრამ არ არის დოზების ყველა მსურველისთვის საკმარისი რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG