Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიციის ნაწილი არ იღებს ნიკოლ ფაშინიანის წინადადებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ


ნაირა ზოგრაბიანი
ნაირა ზოგრაბიანი

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „აყვავებული სომხეთი“ არ იღებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინადადებას, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

აღნიშნული წინადადებით ფაშინიანი 1 მარტს გამოვიდა, ერევანში გამართული მისი მხარდამჭერების მიტინგზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეთავაზების პასუხად, 2 მარტს, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა განაცხადა, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა წინააღმდეგია იმისა, რომ „ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს იმ პირმა, რომელიც ტოტალურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს“. დეპუტატს მხედველობაში ჰყავდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის მიერ ორგანიზებულ აქციას წინა დღით, ხელისუფლების მორიგი მარცხი უწოდა.

„როგორც მან გამართა მიტინგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ხალხის დაშინებით, ქრთამების მიცემითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიიყვანს ის ადამიანებს საარჩევნო უბნებზე. ფაშინიანი უკვე ვეღარ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ან რეფერენდუმის ორგანიზატორი. გარწმუნებთ, ნიკოლ ფაშინიანი ვერანაირ არჩევნებს სომხეთში ვეღარ ჩაატარებს“, - განაცხადა ზოგრაბიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მზადყოფნა. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია.

სომხეთი 2018 წელს გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე. ამ ცვლილებების მომხრეები მოელოდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი შეინარჩუნებდა ხელისუფლებას, როცა პრემიერი გახდებოდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა მასობრივმა გამოსვლებმა, რასაც მოჰყვა ფაშიანის მოსვლა ხელისუფლებაში.

1 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა.

ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

გასულ კვირაში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ტირან ჟაჩატრიანი, რომელმაც მანამდე იგი გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ, გენშტაბის რამდენიმე ათეულმა მაღალი რანგის ოფიცერმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფაშინიანს და მის მთავრობას ბრალი დასდეს ქვეყნის „კოლაფსის პირამდე“ მიყვანაში. მათი თქმით, მთავრობა ამ ვითარებაში „ვეღარ შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას“.

ფაშინიანმა სამხედროთა ამ ნაბიჯს „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა და დაუყოვნებლივ მოხსნა გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი. მაგრამ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა გასპარიანის მოხსნის ბრძანებულებაზე ხელის მოწერაზე. ამის საპასუხოდ ფაშინიანის ალიანსის ზოგიერთი წევრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG