Accessibility links

site logo site logo

შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა


მცხეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა. სასამართლო გავიდა სათათბიროდ. როგორც ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, მათ შეატყობინებენ განაჩენის გამოცხადების დროსა და თარიღს.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ვასილ მამულაშვილმა თქვა, რომ პროცესზე მოისმინეს ბრალდებულთა საბოლოო სიტყვა. „ბუნებრივად ემოციური იყო, რამაც ჩვენზეც მოახდინა გავლენა. მოლოდინი გვაქვს, რომ აუცილებლად ამ საქმეზე (თუ სასამართლო სამართლებრივად იაზროვნებს და ამის დიდი იმედი გვაქვს) უალტერნატივოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი“, - ამბობს მამულაშვილი.

ადვოკატი ლელა გოგოლაძე ამბობს, რომ ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი მწუხარებას გამოთქვამს, რომ იმ ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ელოდება გამამართლებელ განაჩენს. ისევე, როგორც სხვა ბრალდებულები და მათი დამცველები.

პროკურორი დავით ყაზარაშვილი ბრალდებულებს სიცრუეში ადანაშაულებს. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ ისინი. რა თქმა უნდა, ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს ის ფაქტი, რომ ისინი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს მისდევენ, თავს დაესხნენ, შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, მოწმეთა ჩვენებებით ვადგენთ, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბრალდებულები და შემდეგ წყალში გადააგდეს“, - თქვა ბრალმდებელმა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციის შესახებ პროკურორის მოსაზრებას, მისი თქმით, ზოგმა საერთოდ არაფერი თქვა, ან საერთოდ არ შეეხო მომხდარ ფაქტებს. „იმ ნაწილმა, რომლებმაც ისაუბრეს ფაქტებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვასილ მახარაძის შემთხვევაში, ყველა მათგანმა იცრუა სასამართლოს წინაშე და სასამართლოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ დადასტურდა, რომ სიცრუეა. ბრალდებულები მოტივირებულები არიან, რომ სასამართლოს დააჯერონ თავისი სიცრუე, მაგრამ იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა ჩვენებებთან, მტკიცებულებებთან“, - აცხადებს პროკურორი.

ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენებს ელოდება. „საბოლოო სიტყვები თქვეს ბრალდებულებმა, თუმცა ეს იყო უფრო თავის შეცოდება, ვიდრე იმ გარემოებების ახსნა, რომელიც მოხდა 2020 წლის 19 ივლისს. ვერცერთმა ბრალდებულმა გამოსავალი ვერ დაასახელა და ახსნა ვერ უპოვა იმ ქმედებებს, რომელიც ჩაიდინეს“, - თქვა დავით ყაზარაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 2020 წლის 20 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უკვე მიუსაჯა პატიმრობა დაკავებულ ექვსივე არასრულწლოვანს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება კი ოთხი მუხლით მიმდინარეობს. ესენია: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG