Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ყველასთვის საკმარის ვაქცინას გაზაფხულის ბოლოსთვის ელოდებიან


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მაისის ბოლოს ქვეყანას ექნება ყველა ზრდასრული მოქალაქის ასაცრელად საკმარისი ვაქცინა. ბაიდენის განცხადებას წინ უძღოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ფარმაცევტული კონცერნი Merck-ი დათანხმდა კონკურენტ კომპანიას, Johnson&Johnson-ს დაეხმაროს მისი ვაქცინის წარმოებაში და სანაცვლოდ მიიღებს დაახლოებით 270 მილიონ დოლარს.

Johnson&Johnson-ი, რომლის ვაქცინა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დარეგისტრირდა, სპეციალური ნებართვით შეძლებს ვაქცინა კვირაში შვიდ დღეს, 24 საათის განმავლობაში აწარმოოს. ამ ვაქცინის თავისებურება ის არის, რომ შენახვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ერთი დოზაც საკმარისია.

აშშ-ში ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. მათი ერთი დოზა უკვე გაიკეთა დაახლოებით 52 მილიონმა ადამიანმა და ორივე დოზა 26-მა მილიონმა.

2 მარტს, თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სამი ვაქცინის პირობებში მისი ადმინისტრაცია შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას და მმართველობის პირველი ასი დღის განმავლობაში 100 მილიონი ამერიკელის აცრას.

პანდემიის პერიოდში, აშშ-ში კოროანვირუსით დაინფიცირდა 28 700 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 516 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG