Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გრძელდება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი


ბერლინის სასამართლომ დაიწყო ჩეჩენთა საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმის Bellingcat-ის ჟურნალისტის დაკითხვა. მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი გასაიდუმლოებულია. მოწმე, რომლის დაკითხვა ოთხ დღეს გაგრძელდება, განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა.

გერმანელ გამომძიებლებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ვადიმ კრასიკოვის ვინაობის და რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი კავშირის დადგენაში სწორედ Bellingcat-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება დაეხმარა

როგორც DW იუწყება, ბერლინის სასამართლოში 2 მარტს გამართულ სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებული კრასიკოვის ცოლმა და ქალიშვილმა, შეცვლილი გვარით მოსკოვი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვეს და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით ყირიმში გაემგზავრნენ.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული, ვინმე ვადიმ სოკოლვის სახელით, გერმანიაში საგანგებოდ ჩავიდა ხანგოშვილის მოსაკლავად და ეს დავალება რუსეთის ხელისუფლებისგან ჰქონდა მიღებული. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში და რუსეთის საწინააღმდეგო სხვა კონფლიქტებში მისი მონაწილეობის გამო. კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს, ისევე, როგორც ბრალდებული უარყოფს, რომ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG