Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა აცხადებს, რომ არ აპირებს, სვიატლანა ციხანოუსკაია ბელარუსის რეჟიმს გადასცეს


ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და სვიატლანა ციხანოუსკაია
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და სვიატლანა ციხანოუსკაია

„ვფიქრობ, ბელარუსის ხელისუფლებას მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ სვიატლანა ციხანოუსკაიას ექსტრადიციის შესახებ ნებისმიერი თხოვნა იქნება მხოლოდ რიტუალური აქტი. ლიეტუვა არ გადასცემს პოლიტიკური მოტივებით დევნილებს. მინსკში ძალიან კარგად იციან, თუ რა პასუხს მიიღებენ ჩვენგან“, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანტას ადამენესმა, განაცხადა გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

მანამდე, 2 მარტს, ბელარუსის საგამოძოებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას. „დღეისათვის ციხანოუსკაიაზე გამოცხადებულია ძებნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია ასევე, რომ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ნდობით აღჭურვილი 4 პირის მიმართ გამოძიება დასრულდა.
მათ ბრალი ედებათ მასობრივი არეულობების მოწყობასა და ქალაქ გომელის სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებაში.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, საქმეზე მთავარი ბრალდებულები 6-დან 8 აგვისტოს პერიოდში დააკავეს და ყველა მათგანი პატიმრობაში იმყოფება.

თებერვალში ბელარუსის ხელისუფლება ამაოდ ცდილობდა ლატვიის დარწმუნებას, გადაეცა მინსკისათვის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ვალერი ცეპკალა, რომელიც ბელარუსში ბრალდებულია კორუფციასა და მექრთამეობაში.

შარშანდელი საპროტესტო აქციებისა და რეპრესიების ფონზე ლიეტუვამ ასობით ბელარუს აქტივისტსა და პოლიტიკოსს, მათ შორის სვიატლანა ციხანოუსკაიას, მისცა თავშესაფარი.

„ლიეტუვის ნებისმიერი მთავრობა, რომელიც მინსკის რეჟიმს თუნდაც ერთი პოლიტიური დევნილის გადაცემაზე დათანხმდება, ერთ დღესაც ვერ გაძლებს“, - განაცხადა ლიეტუვის სეიმის დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG