Accessibility links

site logo site logo

ექსპერტთა თქმით, სომხეთის პრეზიდენტის ნაბიჯი გზას უხსნის გენშტაბის უფროსის განთავისუფლებას


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი (მარცხნივ) და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ონიკ გასპარიანი.

სომხეთის პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შესძინა პრეზიდენტ არმენ სარქისიანის პოზიციამ მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ ხელს არ მოაწერს გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის მოხსნას. მაგრამ, ამავე დროს, პრეზიდენტს არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმის დასადგენად, ეწინააღმდეგება თუ არა გასპარიანის მოხსნა კონსტიტუციას. როგორც სამართლის სპეციალისტები აცხადებენ, ეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საშუალებას უტოვებს, მოხსნას გენშტაბის უფროსი - გასპარიანის მოხსნა ავტომატურად შევა ძალაში, თუკი პრეზიდენტი 4 მარტამდე არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

გენერალი ონიკ გასპარიანი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაითხოვა 25 თებერვალს, მისი თქმით, გადატრიალების მცდელობის გამო, რომელიც მის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად.

შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ნოემბერში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ყარაბაღის ომის დასასრულებლად.

სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსის პოსტიდან გენერალ ონიკ გასპარიანის გათავისუფლების თხოვნით პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს 25 თებერვალს მიმართა. მაგრამ სარქისიანმა გასულ შაბათს ბრძანების პროექტი შენიშვნებით უკან დაუბრუნა ფაშინიანს, რომელმაც ხელმეორედ გაუგზავნა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა ქვეყნის პრეზიდენტს.

არმენ სარქისიანმა 2 მარტს განაცხადა, რომ გასპარიანის მოხსნა არაკონსტიტუციურად მიაჩნია. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი კვლავ პირობას დებს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კვლავ გადადგამს ნაბიჯებს ვითარების შემდგომი სტაბილიზების მიზნით და მოუწოდებს ყველას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენონ როგორც პლატფორმა ყველა არსებული პრობლემის მოლაპარაკების გზით გადასაჭრელად.

შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, 1 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG