Accessibility links

site logo site logo

ერევანში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში პარლამენტის წინ


ერევანში გამართულ საპროტესო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ოთხშაბათს საპროტესტო აქციაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ. მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. პარლამენტის შენობაში და სახურავზე განლაგებული იყვნენ სნაიპერები.

მანამდე ფაშინიანი პარლამენტში მივიდა სხდომაზე დასასწრებად.

სომხეთის პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შესძინა პრეზიდენტ არმენ სარქისიანის პოზიციამ მას შემდეგ, რაც მან ხელი არ მოაწერა გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის მოხსნას. მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტს არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმის დასადგენად, ეწინააღმდეგება თუ არა გასპარიანის მოხსნა კონსტიტუციას. როგორც სამართლის სპეციალისტები აცხადებენ, ეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საშუალებას უტოვებს, მოხსნას გენშტაბის უფროსი - გასპარიანის მოხსნა ავტომატურად შევა ძალაში, თუკი პრეზიდენტი 4 მარტამდე არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს.

გენერალი ონიკ გასპარიანი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაითხოვა 25 თებერვალს, მისი თქმით, გადატრიალების მცდელობის გამო, რომელიც მის ჩამოგდებას ისახავდა მიზნად.

შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ნოემბერში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი ყარაბაღის ომის დასასრულებლად.

სომხეთის არმიის გენშტაბის უფროსის პოსტიდან გენერალ ონიკ გასპარიანის გათავისუფლების თხოვნით პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს 25 თებერვალს მიმართა. მაგრამ სარქისიანმა გასულ შაბათს ბრძანების პროექტი შენიშვნებით უკან დაუბრუნა ფაშინიანს, რომელმაც ხელმეორედ გაუგზავნა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა ქვეყნის პრეზიდენტს.

არმენ სარქისიანმა 2 მარტს განაცხადა, რომ გასპარიანის მოხსნა არაკონსტიტუციურად მიაჩნია. ამასთან სომხეთის პრეზიდენტი კვლავ პირობას დებს, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კვლავ გადადგამს ნაბიჯებს ვითარების შემდგომი სტაბილიზების მიზნით და მოუწოდებს ყველას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენონ როგორც პლატფორმა ყველა არსებული პრობლემის მოლაპარაკების გზით გადასაჭრელად.

შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით 1 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე ერევანში მის გადადგომას მოითხოვს ოპოზიცია, გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში მმართველობის ფორმის შეცვლის შესახებ. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეთავაზების პასუხად, 2 მარტს, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა განაცხადა, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა წინააღმდეგია იმისა, რომ „ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს იმ პირმა, რომელიც ტოტალურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს“. დეპუტატს მხედველობაში ჰყავდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის მიერ ორგანიზებულ აქციას წინა დღით, ხელისუფლების მორიგი მარცხი უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG