Accessibility links

site logo site logo

ანა ნაცვლიშვილი „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშზე: ეს არის დიაგნოზი დაავადების


„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის დიაგნოზი დაავადების და დაავადებათა მთელი წყების. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ჭკვიანი ხელისუფლების პირობებში ეს დიაგნოზი გამოყენებული იქნებოდა როგორც გზამკვლევი, მკურნალობის რეცეპტი იმისთვის, სად ქირურგიული ჩარევაა საჭირო და სად მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ეს საქართველოს შემთხვევაში ასე არ მოხდა და ანგარიში კრიტიკის საგანი გახდა:

„რომ 39-ე გვერდზე მძიმეა და 47-ე გვერდზე წერტილ-მძიმის ნაცვლად არის წერტილი. ამ ტიპის არგუმენტებს მოძებნიან ხოლმე მაშინ, როდესაც ოთახში არის დიდი სპილო და ეს სპილო არის აბსოლუტურად დისფუნქციური სახელმწიფო, რომელზეც მითითებულია, მათ შორის ამ ანგარიშში. რომ სახელმწიფო უწყებები არ მოქმედებენ კანონის საფუძველზე, არ ემსახურებიან მოქალაქეების ინტერესებს, რომ დაქვემდებარებულები არიან კონკრეტული მცირე ჯგუფის სამსახურს მხოლოდ, რომ არის ოლიგარქიული მმართველობა, რაც არის ძალიან სამარცხვინოც კი 21-ე საუკუნეში. შუასაუკუნეობრივი მმართველობის თანამედროვე მუტაცია არის ოლიგარქია ვიტყოდი. ძალიან სამარცხვინოა, რომ აქ ვართ დღეს. ამავე დროს ძალიან შემაშფოთებელია ღია მითითება კორუფციაზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

მისი თქმით, აგარიშში ასევე საუბარია ბევრ სხვა პრობლემაზე, მათ შორის მართლმსაჯულებაზე, რომელზეც წერია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება საერთოდ არ ფუნქციონირებს.

გადაცემაში ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის ქარი, რომელიც დემოკრატიის საზიანოდ ქრის, კიდევ უფრო მძიმე შედეგებს წარმოშობს, ვიდრე სტაბილური დემოკრატიებისთვის, რომელთაც შინაგანი რესურსი აქვთ. ამ მხრივ ანა ნაცვლიშვილმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ბიზნესის განვითარების პერსპექტივაზე და გავლენაზე, რომელსაც "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში ახდენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით:

“ფრიდომ ჰაუსი“ არის წყარო, რომელსაც არა მხოლოდ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში ეცნობიან, არამედ ბიზნესიც. და ეს არის მნიშვნელოვანი...როდესც პოტენციური ინვესტორი შემოსულია და კითხვები გაუჩნდა და ამ ანგარიშს გაეცნობა, წესიერი, გამჭვირვალე სუფთა ინვესტიცია ამ ტიპის ქვეყნებში არ შემოდის.

ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ იქ რომ დეპუტატი ცუდად იქცევა და ცუდ კანონს იღებს, ან ცუდ მოსამართლეს რომ ნიშნავენ, ან ოლიგარქიული მმართველობა რომ არის ქვეყანაში კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებს აზიანებს იმიტომ, რომ ვერ შეიქმნება სამუშაო ადგილები და რაც შექმნილია, ისიც დაიკარგება, აღარაფერს ვამბობ სხვა სიკეთეებზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „დილის საუბრებში“.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ 3 მარტს გამოაქვეყნა ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2021“, რომელიც ასახავს მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას.

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-იდან 60 ქულა აქვს. ბოლო წლებია ქვეყნის რეიტინგი უარესდება. 2017 და 2018 წლებში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61.

2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური უფლებები 40-იდან 23 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები - 60-იდან 37-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG