Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვის კონტრდაზვერვის თანახმად რუსეთმა ვილნიუსში შეაგზავნა პრიგოჟინის ორეული


ლიეტუვის უშიშროების დეპარტამენტის თანახმად, შარშან რუსეთიდან ვილნიუსში იმყოფებოდა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, ორეული. ლიეტუვის უშიშროების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დარიუს იანუშკევიჩის სიტყვებით, ეს იყო რუსეთის მხარის სპეცოპერაცია, რომლითაც უნდოდათ შეემოწმებინათ, თუ როგორ მუშაობს ლიეტუვის კონტრდაზვერვა და, იმავდროულად, მოემზადებინათ საინფორმაციო თავდასხმა ლიეტუვაზე.

The Insider-ის თანახმად, „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილი რუსი ბიზნესმენის ორეულის ამბავი ლიეტუვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ოფიციალური ანგარიშის მტკიცებით, ევგენი პრიგოჟინის სახელზე გამოწერილი პასპორტის მქონე მოქალაქე ლიეტუვაში ჩასულა 2020 წლის დასაწყისში.

მოქალაქის ოფიციალურ დოკუმენტში დაბადების თარიღი ემთხვეოდა „პუტინის მზარეულის“ დაბადების მონაცემებს და ასევე იდენტური იყო ფოტოსურათიც. მაგრამ სახელმწიფო საზღვარზე დაადგინეს, რომ ლიეტუვაში ჩავიდა არა თავად პრიგოჟინი, რის გამოც რუსეთის მოქალაქე ქვეყანაში შეუშვეს.

პრიგოჟინის ორეული ლიეტუვის აეროპორტიდან გაემგზავრა ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროსკენ, რომლის წინაც სამსახოვრო ფოტო გადაიღო. ამის შემდეგ აეროპორტში გაბრუნდა და უკან რუსეთში გაეშურა. პრიგოჟინის ორეული შემდგომშიც იმყოფებოდა ლიეტუვაში. მოგვიანებით რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა მასალები, რომელთა თანახმად პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ლიეტუვაში იმყოფებოდა, რათა ტრანსპორტის სამინისტროს მავან მაღალჩინოსანთან გაემართა მოლაპარაკება და, ასევე, მისულა პარლამენტშიც. „სინამდვილეში პრიგოჟინის ორეული ვილნიუსში არც ხელისუფლების და არც ბიზნესის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია“, - ნათქვამია კონტრდაზვერვის ანგარიშში. ლიეტუვის სპეცსამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ პროვოკაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სურვილი, რომ ლიეტუვა გამოეყვანათ ევროკავშირისა და ნატოს არასაიმედო პარტნიორად, რომელიც ორმაგ თამაშს ეწევა.

თუმცა, თუ ვინ ჩავიდა ლიეტუვაში პრიგოჟინის ნაცვლად, ლიეტუვის სპეცსამსახურის ანგარიშში ამაზე არაფერია ნათქვამი.

ევგენი პრიგოჟინი მიჩნეულია რუსეთის ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი „ტროლების ფაბრიკის“ და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ორგანიზატორად. "ვაგნერის" შეიარაღებული პირები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უკრაინის აღმოსავლეთში, სირიასა და აფრიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG