Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა


სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა. მათი სატელეფონო საუბარი 4 მარტს გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართული მხარის ერთგულებას როგორც აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის, ისე ევროატლანტიკური კურსის მიმართ.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზე და აღინიშნა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვშრომობთ ერთად უკეთესი მომავლისთვის, არამედ ვიბრძვით კიდეც ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მინისტრებმა ილაპარაკეს აშშ-საქართველოს ერთობლივ პროგრამებზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის შესახებ. ასევე, უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროც. პენტაგონის თანახმად, ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს ესაუბრა, რათა დაედასტურებინა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, რუსული აგრესიის და მავნე გავლენების ფონზე, საქართველოს დაეხმაროს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

მინისტრებმა აღნიშნეს აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე და მდგრადობა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა “მტკიცე მხარდაჭერს მისიაში“ საქართველოს წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის.

პენტაგონის ცნობითვე, მინისტრმა ბურჭულაძემ აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის და რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების სფეროში მომავალი თანამშრომლობა ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს.

ოსტინ ლოიდმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა. ლოიდის თანახმად, აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების სფეროში საერთო მიზნების მიღწევის ერთგულია.

ლოიდ ოსტინი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს 2021 წლის 22 იანვრიდან, ხოლო ჯუანშერ ბურჭულაძე 2021 წლის 22 თებერვლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG