Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ ავსტრალიას დაუბლოკა "ასტრაზენეკას" ვაქცინების მიღება


იტალიის მთავრობამ დაბლოკა ავსტრალიისთვის კომპანია „ასტრაზენეკას“ 250 000 დოზა ვაქცინის მიწოდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება ორ წყაროზე დაყრდნობით. იტალიის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროკომისიამ.

საუბარია ვაქცინებზე, რომლებსაც „ასტრაზენეკა“ უშვებს რომთან მდებარე საწარმოში. ფარმაცევტული კომპანია იტალიის მთავრობისგან ითხოვდა ექსპორტის უფლებას, რაზეც უარი მიიღო.

რამდენიმე დღის წინ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ევროკავშირის დანარჩენი სახელმწიფოების ლიდერებს განუცხადა, რომ ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პასუხი მოთხოვონ იმ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებმაც ევროკავშირს დაპირებული ვაქცინები ვერ მიაწოდეს.

ევროკავშირის ქვეყნებმა 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან დაიწყეს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა, ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგალითად, ისრაელში, ან ევროკავშირის ყოფილ წევრ დიდ ბრიტანეთში.

Reuters-ი წერს, რომ იანვარში, „ასტრაზენეკამ“ ევროკავშირს პირველი კვარტლის განმავლობაში მისაღები ვაქცინების რაოდენობა 90 მილიონიდან 40 მილიონამდე შეუმცირა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ 50%-ით შეუმცირებს მეორე კვარტალში გასაგზავნი ვაქცინების რაოდენობასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG