Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში დაიწყო საქართველოს ხელისუფლების და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა შეხვედრა


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 98-ე შეხვედრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის წინ მედიას უთხრა, რომ მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. ამჟამად ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთერელი.

ირაკლი ანთაძის თანახმად, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე, განიხილავენ ე.წ. ბორდერიზაციის ბოლო შემთხვევებს და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, ზვიად ზვიადაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჰუმანიტარულ საჭიროებებზეც, განსაკუთრებით, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში.

ზვიადაძის თქმით, ოპონენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ ჰქონდეთ წვდომა ყველა მომსახურებაზე, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ზვიად ზვიადაძემ იმედი გამოთქვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს ე.წ. საზღვარზე გადასვლის და სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. ერგნეთის შეხვედრის დღის წესრიგშია ახალგორის მცხოვრებთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობაც.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების წინა შეხვედრა 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG