Accessibility links

site logo site logo

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას მოლაპარაკებებზე რამდენიმე დღეში ველოდებით


მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიმართულებით რამდენიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ჯერი ახლა ოპოზიციაზეა. მისი თქმით, ოპოზიციას კომპრომისული წინადადებებით მოლაპარაკებების მაგიდასთან რამდენიმე დღეში ელოდებიან:

„მინიმუმ 4-5 პუნქტი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თავისუფლად, რომელსაც შეიძლება არათუ დაერქვას, ჰქვია კომპრომისული ნაბიჯები. მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, მათ შორის - კომისია და ასე შემდეგ. არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი სიტყვა ჯერჯერობით ოპოზიციისგან ჩვენ არ მოგვისმენია, რა კომპრომისზე მოდიან ისინი. ერთადერთი, რაც მათ თქვეს, არის პლებისციტი, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არ არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პლებისციტით შეუძლებელია ამომრჩევლის ნების რევიზია:

„ეს მათაც იციან. ამას აყენებენ წმინდა ფორმალური თვალსაზრისით. პლებისციტზე კი არა, რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ ერთპროცენტიან ცდომილებას მაინც ნახავენ არჩევნების შედეგებში, მაგრამ ნებისმიერი რაციონალური, პრაგმატული, კომპრომისული წინადადების შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას. მათ ასეთი წინადადება ჯერჯერობით არ უთქვამთ. დღესაც ჩვენ მათ ვეპატიჟებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვთხოვთ, მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ეს უნდა იყოს ახლო მომავალში. რამდენიმე დღეში ველოდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, თუ ოპოზიციიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში პასუხები და კომპრომისული წინადადებები არ იქნება, მედიაციის დახმარებით შეძლებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას.

„ჩვენ მაინც ჩვენი ფასილიტატორი ელჩების, მედიაციის დახმარებით, რომელთა დაკავშირებითაც ბატონმა მიშელმა სურვილი გამოთქვა, შევძლებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უნდა იყოს სულ რამდენიმე დღეში. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, ბუნებრივია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, 1 მარტს, თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგი განახლდა. წინასწარი შეთანხმებით, მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გააგრძელონ არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხებზე.

ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG