Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აპირებს, შეცვალოს ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემა


პეკინმა განაცხადა, რომ აპირებს გადასინჯოს ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემა, რაც მორიგი ნიშანია იმისა, რომ ჩინეთი აღარ მოითმენს განსხვავებულ მოსაზრებას გლობალურ ფინანსურ ცენტრში. სრულიად ჩინეთის სახალხო კონგრესი, კომუნისტური ხელისუფლების ინიციატივების უპირობოდ მხარდამჭერი პარლამენტი, ამ ცვლილებას მიიღებს 5 მარტს გახსნილ სესიაზე, რომელიც იმართება ჰონგ-კონგში მიმდინარე მასობრივი აქციების დარბევის ფონზე.

ჩინეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვან ჩენმა, განაცხადა, რომ ჰონგ-კონგის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის არჩევის მეთოდი საჭიროებს რეფორმირებას, რადგან ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის საარჩევნო სისტემაში არსებული „ხვრელები“ ოპოზიციის აქტივისტებს შესაძლებლობას აძლევს, მოითხოვონ ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა.

ჩინელი დეპუტატის თქმით, პეკინი შეცვლის იმ საარჩევნო კომისიის შემადგენლობას, ზომასა და ფორმირების წესს, რომელიც ირჩევს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს და აძლევს მას უფლებამოსილებას, რომ აირჩიოს ქალაქის მრავალი კანონმდებელი.

დასავლეთის გაფრთხილების მიუხედავად, შარშან პეკინმა დაიწყო სახელმწიფო უშიშროების ახალი კანონის გატარება, რომელიც ძირს უთხრის სისტემას „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“, რომლის თანახმად ბრიტანეთმა ჩინეთს გადაცა ჰონგ-კონგი 1997 წელს.

მათ შორის, ჰონგ-კონგმა მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს ჩინეთის ეროვნული ჰიმნის უპატივცემულობას. ამ ნაბიჯს განიხილავენ ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე პეკინის კომუნისტური ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებად.

მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, ჰონგ-კონგი გახდა დიდი ბრიტანეთის კუთვნილება და საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა.

მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG