Accessibility links

site logo site logo

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მმართველ პარტიას კრიზისიდან გამოსვლის ხედვას სთავაზობენ


არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მმართველ პარტიას ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად საკუთარ ხედვას სთავაზობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებული 6-პუნქტიანი გეგმა ქვეყნისთვის კრიზისიდან გამოსვლის საშუალებაა.

"შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს თავიდანვე განმუხტავდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების კანონის შესაბამისად მოქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი უმეტესწილად პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებენ. ამის მკაფიო მაგალითი, საპარლამენტო არჩევნების დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის (ცესკო, შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო და ა.შ) არასათანადო მუშაობა იყო", - ვკითხულობთ მიმართვაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია მმართველმა პარტიამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში დაძაბულობის განმუხტვის, პოლარიზაციის დასრულებისა და დემოკრატიული რეფორმების გზით ძალაუფლების განაწილების კუთხით. ხელმომწერები ოპოზიციის როლზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ არ თქვას უარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში გასატარებელ 5 აუცილებელ რეფორმაზე ამახვილებენ ყურადღებას.

სიტუაციის განმუხტვა

  • ნდობის აღდგენის და მოლაპარაკებებისთვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით გათავისუფლდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია და ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელემაუწყებლის მეწილე, გიორგი რურუა. შეწყდეს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა, ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების წინააღმდეგ.

"რეალური საარჩევნო რეფორმა"

  • ახალმა საარჩევნო რეფორმამ უნდა გაზარდოს როგორც ამომრჩევლების, ისე პარტიების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. რეფორმის ფარგლებში უნდა შეიცვალოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი; უნდა დაინერგოს ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული სისტემები; უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა; საპარლამენტო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს სრულად პროპორციული სისტემით, უფრო მცირე ბარიერით.

გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია

  • არჩევნების დროს მომხდარი დარღვევები გამოიძიოს და გააანალიზოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, რომელშიც ჩაერთვება ყველა საპარლამენტო პარტია და მას ექნება საზოგადოების ნდობა. კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

გადაიდგას ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით

  • აუცილებელია მოხდეს შეთანხმება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნეიტრალური პირის დანიშვნის თაობაზე. ასევე, შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და ამ პროცესში გაიზარდოს საპარლამენტო უმცირესობის როლი.
  • მნიშვნელოვანია ჩატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა დასავლელი პარტნიორებისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, რომლითაც მოსამართლეთა უმცირესობას საბჭოს შემადგენლობაში საკუთარი კანდიდატის არჩევის შესაძლებლობა მიეცემა.

ჩატარდეს ეფექტიანი ანტიკორუფციული რეფორმა

  • დაიწყოს მუშაობა ეროვნული ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მთავარი ფუნქცია ქვეყანაში კორუფციის პრევენცია და გამოძიება იქნება. უწყება ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე. უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციის ჩართულობით უნდა დაინიშნოს.
  • მნიშვნელოვანია საქართველოს მთავარი აუდიტორის დანიშვნის წესის შეცვლა და ამ პროცესში ოპოზიციის როლის გამოკვეთა. მთავარი აუდიტორის ოპოზიციის კვოტით დანიშვნა კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

მიმართვას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI Georgia
  2. ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. მწვანე ალტერნატივა
  9. ცენტრი “ემპათია”
  10. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  11. მედიის განვითარების ფონდი - MDF
  12. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  13. საფარი
  14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  15. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  16. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  17. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  18. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  19. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  20. სამოქალაქო პლატფორმა 20/20
  21. გიორგი მშვენიერაძე - იურისტი
  22. ლაშა ბუღაძე - მწერალი, დრამატურგი
  23. რატი ამაღლობელი - პოეტი
  24. პაატა შამუგია - საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი, პოეტი
  25. ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი
  26. გია ხუხაშვილი - პოლიტიკის ანალიტიკოსი
  27. ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი
  28. ლაშა ტუღუში - ლიბერალური აკადემია თბილისი
  29. ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი
  30. ნინო დანელია - მედია კლუბი
  31. გიორგი ქადაგიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
  32. კახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
  33. კოტე ჩოკორაია - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  34. მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  35. თენგიზ თევზაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  36. გიორგი გორაძე - პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი
  37. გივი ლუაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თბილისის ღია უნივერსიტეტის ასისტენტი
  38. ნინო ბოჭორიშვილი - სამართლის დოქტორი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  39. დავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა)
  40. ზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG