Accessibility links

site logo site logo

"მონები სხვაგან მოიკითხონ" - დეპუტატი დავით ზილფიმიანი პარლამენტთან აქციის მონაწილეებზე


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", დავით ზილფიმიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვახტანგ გომელაურს საყვედურობს, რომ პოლიცია არ რეაგირებს პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების შეძახილებზე. მან პარლამენტში მყოფ მინისტრს კითხვის დასმის დროს მიმართა.

"მე ძალიან მიკვირს, რომ პოლიციის მანქანები დგანან მათგან სამ მეტრში და არც არაფერი... მე არ ვითხოვ დასჯას. ჩვენ ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ, აჰყვეთ პოლიტიკურ შეხედულებებს, სხვა შემთხვევაში მსგავსი რამ, შეიძლება, შენიშვნის მიცემა მაინც მომხდარიყო", - თქვა ზილფიმიანმა.

მან კოლეგა დეპუტატებსა და მინისტრს ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა:

"ყველას შეგვიძლია პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანი, ოპოზიცია, პარლამენტის მომსახურე პერსონალი, თქვენი ასისტენტები - გადით ერთი წუთით აივანზე - მოისმენთ გინებებს, სხვადასხვა შეძახილებს, პროვოკაციებს. ეს არის პროვოკაცია, რომ უპასუხებთ. ამ წუთში შეგიძლიათ შეამოწმოთ... რაც შეეხება მათ შეძახილებს მონობასთან დაკავშირებით - ადამიანი მონაა იმისა, ვის დავალებებსაც ასრულებს და, მით უმეტეს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ და ფულსაც მათგან იღებენ. ამიტომ მონები სხვაგან მოიკითხონ".

დეპუტატი ზილფიმიანი ამბობს, რომ აქციაზე მყოფი მოქალაქეები "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და, ამავე დროს, გარეთ მყოფი ოპოზიციის სახეებიც არიან.

"ისინი ​განასახიერებენ გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, რომლის დიდი ნაწილს მე პირადად, პიროვნულად პატივს ვცემ და მაინტერესებს, აქ რომ შემოვლენ, როგორ ახსნიან იმას, რომ ისინი მათი სახეებიც არიან", - თქვა ზილფიმიანმა.

საქართველოს პარლამენტთან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების შემდეგ მუდმივად იმართება აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საკანონმდებლო ორგანოში შესულ დეპუტატებს შეძახილებით "მონა" აცილებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG