Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის დანაშაული გაუპატიურებად უნდა მიიჩნეოდეს - ნინო წილოსანი


პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, პირადად გააკონტროლოს სექსუალური ხასიათის დანაშაულთა გამოძიება და სავარაუდო დამნაშავეთა სათანადო დასჯა.

ამგვარად დეპუტატმა მინისტრს პარლამენტში მიმართა, როდესაც "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოდიოდა.

„გუშინაც გახმაურდა, რომ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 11-12 წლის გოგონას სისტემატურად აუპატიურებდა და დიახ, არ შემეშინდება ამ ტერმინის გამოყენების, მიხედავად იმისა, რომ საქმე სხვა მუხლით არის აღძრული, არ შეიძლება, ეს გაუპატიურების აქტი არ იყოს, როდესაც 50 წლის კაცი 11 წლის ბავშვთან ამყარებს სექსუალური ხასიათის ურთიერთობას და წარმოუდგენელია, ეს არ იყოს მასზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მისი უმწეო მდგომარეობის კომპონენტის გამოყენების გარეშე. სულ ცოტა ხნის წინ იყო ასევე 14 წლის გოგონას ტრაგიკული თვითმკვლელობის თემა, რომელიც ფაქტობრივად ორმაგი ძალადობის მსხვერპლი იყო და თითოეულ ასეთ შემთხვევაში ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას - რა უნდა გავაკეთოთ დამატებით, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის პრევენცია მოვახდინოთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭო იმუშავებს, რომ „11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული გაუპატიურებად მიიჩნეოდეს და არ იყოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალება“.

ამასთან, წილოსანი დაინტერესდა, როგორ მუშაობს პრაქტიკაში საკანონმდებლო ჩანაწერი სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შესახებ, რომელიც სამართალდამცველებს, სისტემას ამ ადამიანების კონტროლსა და მონიტორინგში ეხმარება.

უფლებადამცველი ბაია პატარაია 4 მარტს გამოეხმაურა ინფორმაციას მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი. „13 წლის ბავშვმა იმშობიარა! პროკურატურა კი გაუპატიურების მუხლით არ მიდის. თურმე 12 წლის ბალღს ნებაყოფლობითი სექსი შეიძლება ჰქონდეს 50 წლის კაცთან. არ გრცხვენიათ?“ - დაწერა ბაია პატარაიამ ფეისბუკის გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG