Accessibility links

site logo site logo

ლანდსბერგისი: ლიეტუვა არ აპირებს ბელარუსის მოთხოვნის შესრულებას და ციხანოუსკაიას ექსტრადიციას


გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვა არ განიხილავს ბელარუსის გენერალური პროკურატურის მოთხოვნას, გადასცეს მინსკს ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია. ამის შესახებ განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მინისტრის თქმით, ლიეტუვა იყო და დარჩება ქვეყნად, სადაც თავშესაფრის ძებნა შეუძლიათ დემოკრატიულ ძალებს, რომლებსაც რეჟიმები დევნიან. „ბელარუსის რეჟიმს შეგვიძლია ვუთხრათ - უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება, სანამ თქვენი მოთხოვნების განხილვას დავიწყებდეთ“, განაცხადა ლანდსბერგისმა.

5 მარტს ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ციხანოუსკაიას ექსტრადიციის თხოვნით მიმართა ვილნიუსს. მინსკი ციხანოუსკაიას და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ადანაშაულებს ქვეყანაში ხელისუფლების ძალის მეშვეობით ხელში ჩაგდების მცდელობაში. ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფენ ამ ბრალდებას.

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში აგვისტოდან მოყოლებული იმართება მასობრივი საპროტესტო აქციები. მისი მონაწილეები აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რაც, მათი თქმით, გაყალბდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ. ლუკაშენკა 1994 წლის შემდეგ მართავს ქვეყანას.

უფლებადამცველთა თქმით, დღემდე 30 ათასამდე ბელარუსელის მიმართ განხორციელდა რეპრესიები. ხელისუფლებამ 900-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა თავისი ოპონენტების წინააღმდეგ.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ სინამდვილეში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ციხანოუსკაიამ. საპროტესტო მოძრაობის სხვა ლიდერების ნაწილი პატიმრობაში იმყოფება, ნაწილმა ქვეყანა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG