Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი ფრანცისკე ერაყში გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს ექსტრემიზმსა და ძალადობას


რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ვიზიტისას გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს ექსტრემიზმსა და ძალადობას. ეს მისი პირველი საერთაშორისო მოგზაურობაა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.

„დაე, ბოლო მოეღოს ძალადობისა და ექსტრემიზმის აქტებს, დანაწევრებასა და შეუწყნარებლობას,“ თქვა ფრანცისკემ 5 მარტს ბაღდადში, პრეზიდენტ ბარჰემ სალეჰთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ.

ფრანცისკემ პარასკევს დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი ერაყში, რომელსაც, პონტიფექსის სიტყვებით, ეწვია როგორც „მშვიდობის პილიგრიმი“.

4 მარტს გაკეთებულ მიმართვაში ფრანცისკემ აღნიშნა, რომ იგი ხელს უწვდის „სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელ დებსა და ძმებს“ მუსლიმურ ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მძიმე საფასურის გადახდა უწევს იქ მცხოვრებ ქრისტიანულ უმცირესობას.

„მე მწყურია თქვენთან შეხვედრა, თქვენი სახეების ნახვა, თქვენი ქვეყნის, ძველი და არაჩვეულებრივი ცივილიზაციის აკვნის, მონახულება“, - მიმართა რომის პაპმა ერაყის მოსახლეობას.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე 8 მარტს რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. რომის პაპის ვიზიტის წინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ქუჩებში რამდენიმე მისასალმებელი ბანერი გამოფინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG