Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: დღეს რომ იყოს ნოემბერი ან დეკემბერი შეიძლება შემომეტანა ჩინური ვაქცინა


„დღეს რომ იყოს ნოემბერი ან დეკემბერი, რა თქმა უნდა, მე საკუთარ თავზე ავიღებდი პასუხისმგებლობას და მივიღებდი სარისკო გადაწყვეტილებებს, როდესაც შეიძლება ქვეყანაში შემომეტანა ჩინური ვაქცინა ან ნებისმიერი სხვა არარეგისტრირებული ვაქცინა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, ქვეყანამ არ უნდა გადადგას ნაჩქარევი ნაბიჯები:

„რა თქმა უნდა, მე ვარ პასუხისმგებელი, როდის შემოდის ქვეყანაში ვაქცინა, მაგრამ როდესაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დადებითი დინამიკა, დღიურ ჭრილში გვაქვს 130-დან 350-მდე ინფიცირების შემთხვევა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, მივყვეთ პროცესებს იმ დანარჩენი ქვეყნების მსგავსად, რომელი ქვეყნების გაერთიანებაშიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გვინდა შესვლა და ამაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ვთვლი, რომ თანმიმდევრული, იურიდიულად გამართული პროცესების ზედმიწევნით მიყოლა და იმ პროცესების შიდა მენეჯმენტი, რომელიც ეხება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვას, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნაჩქარევი ნაბიჯები და ასევე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები ერთმანეთის მიმართ, რომელიც არანაირი შედეგის მომტანი არ არის“.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, „კოვაქს პლატფორმის“ გავლით უნდა შემოსულიყო. თუმცა, ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი თვით გადაიწია და 5 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით, საქართველოში “პფაიზერის” წარმოების 29 250 დოზა ვაქცინა 22 მარტს უნდა შემოვიდეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 მარტის კვირაშივე უნდა შემოვიდეს საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი, 45 ათასამდე დოზა. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დარჩენილი 130 ათასზე მეტი დოზა საქართველოში ჩამოვა აპრილში.

დარგის ექსპერტთა ნაწილი და ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დაგვიანებაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის მინისტრია და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

გასული წლის 26 თებერვლიდან, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღემდე, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 3563 ადამიანი. 5 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აღრიცხულია ინფიცირების 272 262 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG