Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე თვლის, რომ დროა სამინისტრომ შეაფასოს საკუთარი საქმიანობა 10-დან 8-9 ქულით


„ყოველთვის მეუხერხულება იმის თქმა, თუ როგორ შევაფასებ ჩვენს სამინისტროში ჩვენს მენეჯმენტს, თუმცა, მე არაერთხელ მომისმენია, თუ რამდენად დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ვმართავთ პანდემიას და აქედან გამომდინარე, ალბათ, შეიძლება დროულიც იყოს უკვე, რომ გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენც შევძლოთ და შევაფასოთ ჩვენი თავი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ის თვლის, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო და კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა დგას, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობები 10-ბალიანი სისტემიდან, 8-დან 9 ბალამდე ქულას იმსახურებს:

„არ მინდა ჩვენ დაგვავიწყდეს, თუ რომელ სახელმწიფოში ვიმყოფებით. ეს არის საქართველო, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მდგომარეობა ყველა მიმართულებით, სადაც ჩვენ ოპონენტების მხრიდან ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ჯანსაღ კრიტიკას ან არა სურვილს იმისას, რომ დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი და აქედან გამომდინარე, არ რთულ პერიოდში, ამ რთული მოცემულობით, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს, ნამდვილად შევძელით მაქსიმუმი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემა იყო და არის დღეს საქართველოში და თუ რამდენ რეფორმას და რამდენ ცვლილებას საჭიროებს ის“.

გასული წლის 26 თებერვლიდან, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 567 ადამიანი. 5 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აღრიცხულია ინფიცირების 272 617 შემთხვევა.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4000-5000-ს აღწევდა. ქვეყანაში არსებული კლინიკების მნიშვნელოვან ნაწილში არ იყო საწოლების საჭირო რაოდენობა, რის გამოც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს პაციენტების დატოვება კლინიკების მიმღებ განყოფილებებში უწევდათ. შეფერხებები იყო შექმნილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის მიმართულებითაც.

რადიო თავისუფლება ნოემბერ-დეკემბერში აქვეყნებდა სტატიებს, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და ექთნები ამბობდნენ, რომ იმის გამო, რომ კლინიკებში ადგილები არ იყო, მათ მძიმე პაციენტების სახლში დატოვება უწევდათ. ნოემბრის მიწურულს, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG