Accessibility links

site logo site logo

მედია: ევროპის სამედიცინო სააგენტოზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთის და ჩინეთის ჰაკერები დგანან


ევროპის სამედიცინო საშუალებათა სააგენტოზე (EMA) შარშან განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან დგანან რუსეთის და ჩინეთის ჰაკერები, ამტკიცებს ნიდერლანდის გამოცემა Volkskrant-ი. იგი ეყრდნობა ანონიმურ ინფორმატორებს, რომლებიც გამოძიების მსვლელობას იცნობენ.

ახლა ეს სააგენტო განიხილავს ევროკავშირში ვაქცინების, მათ შორის, რუსეთის Sputnik V-ის სერტიფიცირების საკითხს.

გამოცემის თანახმად, რუსმა ჰაკერებმა სააგენტოს თანამშრომლებს გაუგზავნეს ელექტრონული წერილები, რომელთა გახსნას მოჰყვა ზიანის მომტანი პროგრამების გააქტიურება.

„გერმანული ტალღის“ თანახმად, ასე მოახერხეს მათ სააგენტოს შიდა ქსელში შესვლა. სხვათა შორის, ჰაკერებს აინტერესებდათ ევროპის ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამები. ამავე ცნობებით, ჰაკერებმა მოიპარეს დოკუმენტების ნაწილი, რომელიც ეხებოდა ვაქცინების მწარმოებლებს, გერმანულ BioNTech-სა და Pfizer-ს.

სწორედ მათი ვაქცინა გატარდა რეგისტრაციაში პირველი შარშან დეკემბერში. ზოგიერთი დოკუმენტი შემდეგ გამოჩნდა რუსულენოვან საიტებზე, თუმცა სააგენტო აცხადებს, რომ ისინი შეცვლილი იყო, ალბათ, დეზინფორმაციის მიზნით. ჩინელმა ჰაკერებმა სააგენტოს ქსელში უფრო ადრე, 2020 წლის გაზაფხულზე შეაღწიეს. სააგენტოს წარმომადგენლებს კომენტარი ამ ცნობების გარშემო არ გაუკეთებიათ.

6 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ ჰაკერებმა აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში სხვადასხვა ქვეყანაში. ჰაკერებმა, რომლებმაც გამოიყენეს საფოსტო სამსახური, Microsoft Exchange, სხვათა შორის, შეაღწიეს ჩეხეთის სამთავრობო საიტზე. აშშ-ის პრესის თანახმად, აშშ-ის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰაკერები ჩინეთიდან არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG