Accessibility links

site logo site logo

იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერები მოლაპარაკებების ჩასაშლელად გავრცელებულიყო


"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ "TV პირველის" ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიზანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ჩაშლა ყოფილიყო.

"მე ვუშვებ იმას, რომ ეს ჩანაწერები საჯარო სივრცეში მოხვდა სწორედ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის უარყოფა შეუძლებელია იმიტომ, რომ ზუსტად ისე, როგორც ქართული ოცნება შლიდა მოლაპარაკებებს, მაგალითად ნიკა მელიას დაჭერით, ასევე შეიძლება ამას აკეთებდეს ვიღაც", - თქვა ხვიჩამ "იმედის" გავრცელებულ კომენტარში.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2010-2011 წელს ჩაწერილ საუბრებს "საჭირო მომენტისთვის ინახავდნენ".

"რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული. მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება" უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ", - ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

დღეს "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული განცხადებით ეჭქვეშ არ დამდგარა "TV პირველის" ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერში მონაწილე პირების - ახლა მოქმედი პრემიერ ღარიბაშვილის; ბიძინა ივანიშვილის შვილის - ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის - ანზორ ჩუბინიძის - ვინაობა. პარტიაში თქვეს, რომ ეს იყო 2010-2011 წელს ფარულად ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG