Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების კვლავ გამოცოცხლებას ცდილობს


მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რამდენიმე ზომა მიიღო ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების კვლავ გამოსაცოცხლებლად. ბლინკენმა თავისი მოსაზრებები გამოხატა პრეზიდენტ აშრაფ ღანისადმი მიწერილ წერილში, რომლის შესახებაც ავღანეთის TOLOnews-ი იტყობინება.

წერილის შესახებ ასევე The New York Times-იც იუწყება აშშ-ისა და ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომლებმაც დაადასტურეს მისი არსებობა.

პრეზიდენტის პრესმდივნის მოადგილემ, დავა ხან მინჰაპალმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ ღანიმ მიიღო წერილი, მაგრამ მინჰაპალმა მისი შინაარსის შესახებ დეტალურად საუბარზე უარი თქვა.

„უჩვეულოდ მკვეთრი“ წერილი, როგორც მას The New York Times-ი ახასიათებს, შეიცავს ოთხ საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომლებიც ხელს შეუწყობს ომის დასრულებას. ომი დაიწყო 2001 წელს, როცა საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით ავღანეთის ხელისუფლებიდან განდევნა თალიბანი.

ამჟამად ავღანეთში საერთაშორისო კოალიციას სათავეში უდგას აშშ, რომელსაც იქ 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ძირითადად საწვრთნელი და ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.

TOLOnews-ისა და The New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა ღანის მისწერა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაიყვანს თუ არა დარჩენილ 2500 სამხედროს 1 მაისამდე, როგორც ეს თალიბანთან მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG